20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბუდაღაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ბუდაღაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში პირობები გაუარესეს. იაშვილის თქმით, აღნიშნულის მიზეზი ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებაა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.