თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ და დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია კალანდიას მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.