ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.
ტრადიციულად საჯარო სკოლების პირველკლასელები ე.წ. "ბუქებს" მიიღებენ. წელს კომპიუტერები განახლებული სპეციფიკისაა ორჯერ გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებითა და მყარი დისკით. ყველა პირველკლასელს ასევეე საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული "დედა ენა".
ქვეყნის მასშტაბით დღეიდან 27 ახალი სკოლა იწყებს ფუნქციონირებას. 55 საჯარო სკოლას კი მანდატურები დაემატა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.