საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებს შესაძლოა, დამატებითი ცნობის წარდგენა დასჭირდეთ, რომ აზარტულ თამაშებში არ არიან ჩართული. ამის შესახებ, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა აზარტული და მომგებიან თამაშობებში ჩართვის პრევენციას.
პროექტის მიხედვით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაქმებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.
ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდ 50 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა.