წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები მმართველი პარტიის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე შუალედური ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელი აგვისტოდან 15 ოქტომბრის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაფინანსებული ადამიანების ჯგუფური მობილიზება კითხვის ნიშნებს აჩენს.