საია-ში მათი დამკვირვებლების მიერ მეორე ტურის კენჭისყრის დაკვირვების შედეგებზე საუბრობენ. სულხან სალაძის განცხადებით, ამ დროისთვის 100-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. ეს დარღვევები კი ძირითადად კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლების ნების კონტროლს, დამკვირვებლების მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლასა და პროცედურულ საკითხებს ეხება.
საიაში აცხადებენ, რომ პირველი ტურის მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე დაუდგენელ პირთა მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებიც საიას დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. რამდენიმე შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებითაც დაემუქრნენ.