საია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით ინიცირებულ რეგულაციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ასე ეხმაურება საია საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე აღარ გავრცელდება ის შრომითი გარანტიები, რომლებიც პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის არის გათვალისწინებული. "აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს და შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და თავი შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომლებიც ზიანს მიაყენებს საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მათ დამოუკიდებლობას და საჯარო სამსახურის სტაბილურობას. საია აქვე გამოთქვამს მზადყოფნას, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოში“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.