საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად 2018 წელს მიიღო და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
სამინისტროს ინფორმაციით, არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.