საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას და მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. ამის შემდგომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.