საგარეო საქმეთა სამინისტრო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროცესების გაგრძელებას გმობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამასთან უწყებამ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები.