საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს კონგოში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, იქ მყოფებს კი მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძემ განაცხადა, რომელიც დღეს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის იოსებ ოსურაულის ძმას შეხვდა. მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა და შესაძლოა, იოსებ ოსურაულიც მათ რიცხვში იყოს, თუმცა არც ერთი მხარე თბილისს ამ ინფორმაციას არ უდასტურებს. კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა ომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა.