საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იქ საარჩევნო უბნების უკანონო გახსნას გმობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულვებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.