შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა. "მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა თბილისის გარდა რუსთავის, სიღნაღის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის სამმართველოებს გადაეცა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გერმანული სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა ბორჯომისთვის. ახალი ავტომობილები მეხანძრე-მაშველებს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროს დავით სუხიშვილთან ერთად გადასცა. ავტომობილების საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ტექნიკის სახანძრო-სამაშველო პროცესში ჩართვამდე, მეხანძრე-მაშველებმა ახალ ავტომობილებთან მუშაობის და მართვის სპეციალური სწავლება გაიარეს. სწავლებას გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.