არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.
"კანონის პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა. აღნიშნული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს და მათი შეზღუდვის საფუძველი და წესი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.