საქართველოში კოვიდ-19ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 ათას 737 ფაქტი, რისთვისაც 8 ათას 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
მათ შორის თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტზე - 144 პირი; მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებაზე - 430; 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობისა და პირბადის გამოუყენებლობის ფაქტზე - ათას 850; ხოლო კომენდანტის საათის დარღვევაზე - 4 ათას 820 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ფიზიკური პირის 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით დაჯარიმებას იწვევდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმის მოცულობა ფიზიკური პირების შემთხვევაში - 26 მილიონ 148 ათასი ლარი; ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში - 315 ათასი ლარი იყო.