ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 3 მიწის ნაკვეთი. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 267 781 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.