საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 28 800 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 919 977 ლარს.