საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, საყოველთაო კარანტინი მესამედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მომავალი კვირიდან, სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში, სკოლები დაიხურება და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა. ამასთან, დაიხურება ყველა არააუცილებელი მაღაზია, მოქალაქეებს კი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკუთარი სახლებიდან 10 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილება აეკრძალებათ. მაკრონმა ქვეყანაში არსებულ ვითარებას "დელიკატური" უწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აპრილის თვე გადამწყვეტია. ”ჩვენ კონტროლს დავკარგავთ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ,“- აღნიშნა პრეზიდენტმა და მოქალაქეებს სოციალური კონტაქტების შეზღუდვისკენ მოუწოდა. საფრანგეთში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4.6 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყენაში ვირუსს დღემდე 95 495 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.