საფრანგეთში მომავალი წლიდან მამალი წიწილების გაჭყლეტვა/განადგურება და გაზით მოწამვლა აიკრძალება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფრინველის განადგურების ასეთი პრაქტიკა ცხოველთა დაცვის ჯგუფებმა დაგმეს და მას „ბარბაროსობა“ უწოდეს. მინისტრის თქმით, საფრანგეთი შეეცდება, მსგავსი ზომები ევროპის სხვა ქვეყნებმაც მიიღონ. მისი მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად 50 მილიონი მამალი წიწილა ნადგურდება. ცოცხალს მხოლოდ დედალ წიწილებს, ანუ კვერცხის დამდებ მომავალ ქათმებს ტოვებენ.
ამასთან, 2022 წლიდან საფრანგეთში მომუშავე სელექციონერებს დასჭირდებათ აპარატურა, რომ წიწილების სქესი გამოჩეკვამდე დაადგინონ. ტექნიკის შესაძენად, სელექციონერებისთვის საფრანგეთის მთავრობა 10 მლნ ევროს სუბსიდიებს გამოყოფს.