საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 30 621 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. მათივე ინფორმაციის თანახმად, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 88 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 33 125-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საფრანგეთში, საერთო ჯამში, ინფიცირების 809 684 შემთხვევაა გამოვლენილი. რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად 1 750 ადამიანს მკურნალობენ.
საფრანგეთში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 9 ქალაქში, მათ შორის პარიზში, ე.წ. კომენდანტის საათი წესდება, რომელიც შაბათიდან, 17 ოქტომბრიდან, ამოქმედდება და მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.