საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ურთიერთობებში ნდობის აღსადგენად „დრო და მოქმედებებია“ საჭირო. ბლიკენისა და ლე დრიანის შეხვედრას წინ უძღოდა აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ სიღრმისეულ კონსულტაციებს აშშ-სა და საფრანგეთს შორის ნდობის აღდგენის მიზნით. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ მზადაა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მჭიდროდ იმუშაოს კონსულტაციებთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა აშშ-ს, ავსტრალიასა და გაერთანებულ სამეფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა, რომელიც ავსტრალიისთვის ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების აგების ტექნოლოგიის გაზიარებას გულისხმობს, რაც, თავისთავად აუქმებს ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის რამდენიმე წლის წინ გაფორმებულ 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ავსტრალიას ფრანგული წყალქვეშა ნავები უნდა შეესყიდა.