საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბეირუთში, 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებული ტერიტორია მოინახულა. როგორც მან დანგრეულ პორტში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო 6 კვირა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიბანის მომავლისთვის. „ლიბანის ცენტრალური ბანკი, საბანკო სისტემა კრიზისშია. როგორც ჩანს, ბევრი თანხა იქნა გატანილი. დღეს ყველაფერი დაბლოკილია და ლიბანი ვეღარ აფინანსებს საკუთარ თავს, ამიტომ საჭიროა აუდიტი. სავარაუდოდ თანხები სახვაგან გადამისამართდა. ასე, რომ ჩვენ რიცხვების შესახებ სიმართლის ცოდნა გვჭირდება და შემდეგ უნდა განხორციელდეს სამართლებრივი ქმედებები“, - აღნიშნა მაკრონმა. მისივე განმარტებით, ის მზად არის ოქტომბრის შუა რიცხვებში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს თემაზე, თუ როგორ დაეხმარონ ლიბანს. ცნობისთვის, აფეთქების შემდეგ ემანუელ მაკრონი ლიბანში მეორედ ჩავიდა.