საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამაზონის ტყის ხანძარს „საერთაშორისო კრიზისს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ პრობლემა „დიდი შვიდიანის“ სამიტის დღის წესრიგის მთავარ საკითხად უნდა იქცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
"ჩვენი სახლი იწვის. ამაზონის ტროპიკული ტყე, ფილტვები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებენ, იწვის. მოდით, ეს საგანგებო სიტუაცია პირველ რიგში განვიხილოთ", - წერს მაკრონი "ტვიტერზე".
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მაკრონის ინიციატივას ბრალდებით უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტი პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად იყენებს. მისივე თქმით, ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამჟამად ხანძრების გაჩენის მიზეზებს იკვლევს.
შეგახსენებთ, ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში წელს ხანძრების რიცხვმა 85 პროცენტით მოიმატა და მათი უმრავლესობა ამაზონის რეგიონში ფიქსირდება.