საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს,- ამ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „25 ნოემბერს სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებისკენ მოუწოდებს. სენატში გამართული დებატების დროს სახელმწიფო მდივანმა ტურიზმის, საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგი ხალხისა და ფრანკოფონიის საკითხებში ჟან-ბატისტ ლემუანმა სენატორებს ამ საკითხზე საფრანგეთის მთავრობის პოზიცია შეახსენა: საფრანგეთი არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას “, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების განმარტებით, ამჟამად მათი პრიორიტეტი კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო დაბრუნებაა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ ორი დღის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.