"იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ" - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.მისივე თქმით, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს არამიზნობრივად იყენებენ და იმ მოტივით, რომ საქართველოში არიან დევნილები და გარკვეული პრობლემები აქვთ, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. ელჩის შეფასებით, ეს არის უპასუხისმგებლო ქცევა და როგორც აღნიშნა, შეეცდებიან, რომ ამას სხვადასხვა ზომის მიღებით საქართველოში არსებულ სტრუქტურებთან ერთად შეეწინააღმდეგონ.