რამდენიმე წლის წინ ბრიტანეთში 81 წლის ბრიუს რეინოლდსი - გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვის სულისჩამდგმელი და მთავარი ორგანიზატორი გარდაიცვალა, რომელმაც სახელი 1963 წელს საფოსტო მატარებლის ძარცვით და 2,6 მლნ. ფუნტი სტერლინგის გატაცებით გაითქვა. გენიალური ძარცვის იდეა 30 წლის ანტიკვარული მაღაზიის მფლობელს ბრიუს რეინოლდს მორიგი პატიმრობის დროს მოუვიდა. მართალია, ბრიუსს საკუთარი საქმე ჰქონდა, მაგრამ წარმატებას ბიზნესში მაინც ვერ მიაღწია, რადგან მისი მაღაზია არა იმდენად ვაჭრობდა, რამდენადაც ლონდონის კრიმინალების ერთგვარი "შტაბის" ფუნქციას ასრულებდა, სადაც რეინოლდსი გაკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მძარცველებს იმ ბინის მისამართებს სთავაზობდა, სადაც მსუყე ნადავლი ეგულებოდა. რეინოლდსის გარეგნული რესპექტაბელურობის მიღმა ფსიქიურად გაუწონასწორებელი, მოზარდობაში რამდენიმე კოლონიიდან გაქცეული ახალგაზრდა მამაკაცი იმალებოდა, რომელმაც არც ზრდასრულ ასაკში თქვა უარი დანაშაულებრივ საქმიანობაზე და საპატიმროსაც ხშირად სტუმრობდა, თუმცა, სამხილების არარსებობის წყალობით, დიდხანს არასდროს რჩებოდა. 1950-იანი წლების ბოლოს ბრიუსი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, სადაც ინგლისის ბანკის ყოფილი კლერკი, თაღლითობაში ეჭვმიტანილი 65 წლის ჯემსი გრიფიტსი გაიცნო და სწორედ მან მიაწოდა რეინოლდს გრანდიოზული ძარცვის იდეა.