სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 ლარითა და 50 თეთრით გაიზარდა და ათას 92 ლარი და 70 თეთრი შეადგინა.
თუმცა, ზოგიერთ სექტორში დასაქმებულებს ანაზღაურება შეუმცირდათ. კერძოდ, თუ საფინანსო საქმიანობით დაკავებულების ხელფასი 2018 წლის პირველ კვარტალში 2 ათას 305 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ხელფასის მოცულობა ათას 894 ლარამდე და 30 თეთრამდე შემცირდა.
655 ლარიდან და 10 თეთრიდან 624 ლარამდე და 60 თეთრამდე შემცირდა ხელფასი სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში დასაქმებულებისთვის. თევზჭერაში დასაქმებულების ანაზღაურება მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში - ათას 141 ლარი და 40 თეთრი იყო, მაშინ როცა გასულ წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი - ათას 214 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში დასაქმებულების ხელფასი კი ათას 244 ლარიდან და 70 თეთრიდან ათას 197 ლარამდე და 40 თეთრამდე შემცირდა.
ზემოთჩამოთვლილი საქმიანობების გარდა, ხელფასი ყველას გაეზარდა. კერძოდ, 2019 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, სამთომოპოვებით მრეწველობაში საშუალო ხელფასი ათას 373 ლარს; დამამუშავებელ მრეწველობაში - 974 ლარსა და 40 თეთრს; სახელმწიფო მმართველობაში - ათას 347 ლარსა და 50 თეთრს; განათლებაში - 612 ლარს; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის საქმიანობით დაკავებულების ხელფასი კი 964 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს.