საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის" პროექტშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ფინანსურ ორგანიზაციას მომხმარებლების ვადაგადაცილებული სესხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაც აეკრძალება. გარდა ამისა, სებ-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებელს მხოლოდ მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე დაუკავშირდეს. აღსანიშნავია, ისიც, რომ პირთან დაკავშირება დღის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში უნდა მოხდეს.
ამასთან, სებ-ის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.