საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებლად ქალაქ სტამბოლში შეიკრიბა. კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდი არასრული შემადგენლობით ემზადება. შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელ პროცესში, რომელიც ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე წარიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კორეისა და დანიის ნაკრებებთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა. დასახელებულ შემადგენლობას ორი ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოაკლდა. უახლოესი შეხვედრებისთვის გუნდს სოლომონ კვერკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. ხოჭოლავა, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს, გუნდთან ერთადაა და მსუბუქ ინდივიდუალურ მომზადებას გადის.