„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ.
ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის პროცესში შედის დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმები. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვალდებულნი იქნებიან, დაასაბუთონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ასევე მისი გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.
ცვლილებას კოსმეტიკურს უწოდებენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად არ უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. თინა ბოკუჩავას განმარტებით, აღნიშნულ ცვლილებებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არ ექნება.
ცვლილებებს აკრიტიკებენ და მხარს არ უჭერენ ფრაქცია „ევროპულ საქართველოშიც“. სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი წინადადებები არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ვერ უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამჭვირვალე გარემოში შერჩევას.
კანონპროექტს მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზეც ეყრება კენჭი.