დასავლეთ საქართველოში ჯანდაცვის წამყვანი პროვაიდერი Medical City ქუთაისში ხარისხიან ჯანდაცვით სერვისებზე წვდომას აფართოებს. ახლად აშენებული საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის მიერ შემოთავაზებული ბევრი სერვისი საქართველოში არა მხოლოდ იშვიათია, არამედ დიდწილად მიუწვდომელია დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. "თი-ბი-სი ბანკმა" სამედიცინო კლინიკის მშენებლობის თავდაპირველი კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად Medical City-ს 5-ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო. სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის მხარდასაჭერად, კაპიტალის ზრდის დაფინანსების სახით კი Gazelle Finance-მ დამატებით მილიონ 300 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი ორიენტირებულია მსოფლიო დონის ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე დასავლეთ საქართველოში. გაფართოების შედეგად, ცენტრი, 120 ახალი მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. ქართველ მაღალკვალიფიციურ ექიმებთან ერთად, მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული წამყვანი ექიმები. საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი ოფიციალურად მუშაობას 2018 წლის ოქტომბერში დაიწყებს.