საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად, მომდევნო მოწვევის პარლამენტი უფრო პლურალისტური და წარმომადგენლობითი იქნება. მომხსენებლების აზრით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა შეთანხმებამ არ უზრუნველყო ნაკლებად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნას. ისინი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რამაც შესაძლოა დაძაბულობა გაზარდოს. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ისტორიულ ფაქტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმების შედეგად დადგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობასა და პლურალიზმს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორი ელჩებიც, თუმცა ისინი ამავდროულად მწუხარებას გამოთქვამენ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.