გავლენიანი უცხოური მედია საქართველოზე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას სტატიებს უძღვნის.
როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, 28 ოქტომბერს განხორციელებული შეტევის დროს გაითიშა ათასობით სამთავრობო თუ კერძო ვებგვერდი და შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. The Washington Post წერს, რომ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და პენტაგონმა განაცხადეს, რომ ეს შეტევები განახორციელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ, იგივე "გრუ"-მ.
სტატიას აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-იც. მედიის ცნობით, უშიშროების სამსახურები შიშობენ, რომ ეს შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის დასაწყისი იყოს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანს დომინიკ რააბს მიაჩნია, რომ ოქტომბრის თვეში საქართველოში სახელმწიფო აპარატის, სამაუწყებლო კომპანიებისა და მათი ინტერნეტ საიტების ონლაინ შეტევა "სრულიად უგუნური და უსირცხვილო ქმედება" იყო.