„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს, პირდაპირი შესყიდვის გზით, ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ.