საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ბარელი Brent-ის ღირებულება თითქმის 3%-ით, 110-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, ხოლო ტეხასის ბირჟაზე სავაჭრო ფასი ამჟამად 104 დოლარს აღწევს. ნავთობის და, ზოგადად, ენერგორესურსების ფასების შემცირება გლობალური ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობასა და მობილობას, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საწვავის მოთხოვნაზე.
მიმდინარე ფასების პარალელურად, შემცირებულია ფიუჩერსული ანუ სამომავლო კონტრაქტების ღირებულებაც. კერძოდ, ოქტომბერ-ნოემბრის ფიუჩერსები ამჟამად 97-99 დოლარად ივაჭრება; დეკემბერ-იანვრის კონტრაქტების ღირებულება 96 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 2023 წლის აპრილის ფიუჩერსების შეძენა ამჟამად 91 დოლარადაა შესაძლებელი.