დათა ახალაიას ოქროყანის ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობაში ადანაშაულებენ. ახალაიას ბრალდების საქმეზე, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აბულაშვილის ყოფილი საცოლე ვიოლეტა ხუნგოიანი დაიკითხა. მოწმის განცხადებით, ის კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მეზობელი იყო. მოწმის მტკიცებით, ბრალდებული მას ხშირად ურეკავდა, სთხოვდა შეხვედრას და უთვალთვალებდა. „ერთხელ, სამსახურიდან გვიან დავბრუნდი და ის სადარბაზოში დამხვდა, შემათრია საკუთარ სახლში და კედელთან მიმაყუდა, რის გამოც, ყვირილი დავიწყე. დათას შეეშინდა და ხელი გამიშვა. რამდენიმე დღის შემდეგ, მან დამირეკა მობილურ ტელეფონზე, მე ვამეხთან ერთად ვიყავი და მაშინ გაიგო მომხდარის შესახებ ვამეხმა", - განაცხადა მოწმემ. პროკურატურა ახალაიას ორ ეპიზოდს - გირგვლიანის წამებასა და ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავება.