მიწების სისტემური და სპორადული წესით რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შესაბამისი კანონპროექტი, პარლამენტმა 97 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. ცნობისთვის, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ვადა 2019 წლის 1-ელ ივლისს იწურებოდა.პროგრამის ფარგლებში, ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, მომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება მათ შორის: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და პირველადი რეგისტრაცია.