ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება. გარდა ამისა ტრანზაქციების მაჩვენებელი ყოველწლიურად 6-8%-ით მატულობს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Property Abroad-ში განუცხადეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზრდა განსაკუთრებით ევროკავშირზე მოდის, რაც ერთის მხრივ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით არის განპირობებული. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მზარდი მოთხოვნა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ფიქსირდება. Property Abroad- ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მსურველები, როგორც წესი, დიდ ყურადღებას უთმობენ ორ გარემოებას: რამდენად ექნებათ შანსი, ქონების შეძენისას დაიხმარონ იმ ქვეყნის საბანკო ინსტიტუტის იპოთეკური სესხი და როგორი იქნება მათთვის საინტერესო უძრავი ქონების გაქირავების პერსპექტივა, რათა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, რომელიც ხშირად სესხის დაფარვის წყაროა.