საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა . აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე კი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა,. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას განცხადებით, არასრულწლოვანი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
როგორც არასრულწლოვნის ბიცოლა აცხადებს, ბრალდებულის გამართლება, არასრულწლოვნის სტატუსის გამო, დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა განესაზღვროს, ვინაიდან „მამა სასტიკად მოკლა“ და ის სხვებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
გამოძიების ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.