„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და „ჩატებიდან“, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მმართველ პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა „ამის მეათედ თანხად შეიძლება „ქილერის“ აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.