საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომების მიღება მას შემდეგ დასჭირდათ, რაც მომიტინგეების ნაწილმა მათ პიროტექნიკა დაუშინა.
ცნობისათვის, საბერძნეთში სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის ვაქცინაცია 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში, სადაც 10.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 4.6 მილიონი მოქალაქე სრულად ვაქცინირებულია, მაგრამ „დელტა“ ვარიანტის გავრცელება შეშფოთებას იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 800-დან 3 000-მდე გაიზარდა.