საბერძნეთი მზადაა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ენერგო რესურსებთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით თურქეთთან დიალოგი გამართოს, მაგრამ ქვეყანა საკუთარ სუვერენულ უფლებებს დაიცავს, - ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გერმანელ კოლეგა ჰეიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი პროვოკაციებსა და საერთაშორისო კანონის დარღვევას განაგრძობს. ნიკოს დენდიასმა აქვე აღნიშნა, რომ საკითხი არა მხოლოდ ნატოს ორ წევრ სახელმწიფოს, არამედ მთლიანად ევროკავშირს ეხება. ცნობისათვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთსა და საბერძნეთს მათ შორის არსებული გაუგებრობის პირდაპირი დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდა და ქვეყნები სამხედრო დაპირისპირების რისკის შესახებ გააფრთხილა.