პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია.
პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.
სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება. დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.
რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობას, პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.
ბაგა-ბაღებში უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციის და ბავშვების თერმოსკრინინგი. აკრძალულია სათამაშოების სახლიდან წამოღება. ასევე იზღუდება ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელიც მარტივად არ ექვემდებარება დეზინფექციას.