ლიტერატურული პრემია საბა 15 წლისაა. 15 წლიანი მოღვაწეობის ანგარიში საზოგადოებას თიბისი გალერეაში წარედგინა. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში საბა ყველაზე ავტორიტეტულ ლიტერატურულ პრემიად იქცა. პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებ-პლატფორმა და გახორციელდა სხვადასხვა მიმართულების სოციალურ ლიტერატურული პროექტები. ლიტერატურული პრემია "საბა" თიბისი ბანკმა 2003 წელს დააარსა. 15 წლის განმავლობაში, "საბამ" 3800 საკონკურსო წიგნი განიხილა და 500 ათასი ლარის ოდენობის 127 პრემია გასცა. "საბას" ვებ-პლატფორმას ამ დროისთვის 140 ათასი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. მის კატალოგში კი ამჟამად 4 ათასი ელექტრონული წიგნია შესული. ბოლო წლების განმავლობაში საბა სოციალური მიმართულებით გააქტიურდა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2013-2016 წლებში საჩუქრად 500 ათასზე მეტი წიგნია გაცემული. საბას ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია: შეხვედრის საბაბი, უფასო წიგნები მეტროში, წიგნები მთაში, ქალაქი ბიბლიოთეკა და ხმოვანი წიგნები უსინათლოებისთვის.