2022 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,81 ათასი ტონა, რაც 10 ტონით ანუ 0,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და 40 ტონით ანუ 2,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 330 ტონა განხორციელდა თურქეთიდან, რაც მთელი იმპორტის 18,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი, რუსეთი; აზერბაიჯანი, გერმანია და სხვ.
იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2022 წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 13,2 ათასი ტონა, რაც 4,8 ათასი ტონით ანუ 57,1%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით და 8,1 ათასი ტონით ანუ 158,8%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტის 70,5% ანუ 9,3 ათასი ტონა განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,5% ანუ 3,9 ათასი ტონა კი - საბერძნეთიდან.