მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 50 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარს შეადგენდა. 2017 წლის დეკემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 173 ლარი და 50 თეთრი იყო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 8 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარში ეს მონაცემი 166 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვეში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 1 ლარითა და 30 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 155 ლარი; ხოლო 2017 წლის დეკემბერში 153 ლარი და 70 თეთრი იყო.რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, იანვარში ის დეკემბერთან შედარებით, 2 ლარითა და 50 თეთრით გაიზარდა და 293 ლარი და 50 თეთრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის იანვრის მონაცემთან შედარებით, 14 ლარითა და 60 თეთრით არის გაზრდილი.