სააპელაციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სააპელაციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელი ეხება უვადო მოსამართლეობის მსურველი მოსამართლეების მიერ გასაუბრების პროცესიდან დილიძის აცილების საკითხს, რის გამოც მან საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.როგორც ცნობილია, იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ მიმართული სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მოსარჩელემ კი დავა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა. ადვოკატმა ნიკა ჯახუამ სხდომაზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ორი მოსამართლის: მარიამ ცისკაძის და გიორგი ტყავაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც მან განმარტა, საბჭოს წინააღმდეგ მიმართულ სარჩელს განიხილავს აღნიშნული ორი მოსამართლე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის ათკაციან სიაში არიან წარმოდგენილები. ადვოკატს მიაჩნია, რომ აღნიშნული ორი მოსამართლე საბჭოს მიმართ ლოიალურადაა განწყობილი, რის გამოც სარჩელის მიუკერძოებლად განხილვა არ მოხდება.რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მის პოზიციას იურისტი ნათია მახათაძე წარმოადგენს. მან სხდომაზე განაცხადა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია.