ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად პენტაგონის სახსრების გამოყენება აუკრძალა.
"ასიგნებების შესახებ მუხლის შესაბამისად სწორედ კონგრესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს გადასახადის გადამხდელთა დოლარები", - ნათქვამია სასამართლოს ვერდიქტში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც კანონით მას უფლებას აძლევდა კედლის ასაგებად ფული აშშ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაეხარჯა. თუმცა, რამდენიმე შტატმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ამის შემდეგ სასამართლომ ტრამპს ამ ფულის საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯვა აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დონალდ ტრამპს 6,7 მილიარდი დოლარი სჭირდება.