სააპელაციო სასამართლომ ორი კომპანიის: „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმითედისა“ და „ფილიპ მორისი საქართველოს“ მიმართ დაკისრებული 192 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ნაწილობრივ გაბათილდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ფილიპ მორისში“ დადებითად აფასებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტური. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის განმარტებით მიღებული განაჩენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გია გვილავას განცხადებით, საქართველოში ერთნაირად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი ისე უცხოური კომპანიების ბიზნესინტერესები.