სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა. კერძოდ, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 27 მარტს, დ.ჭ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ოთხ მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც ისინი დაწესებულების ეზოში კვლავ სცემეს.